Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა მოხდა ნასაკირალში 22 მაისს _ საარჩევნო დღის ქრონიკა
Regions.ge
26 May 2016, 00:20
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 23 მაისს, 03.30 წთ-ზე გამოაქვეყნა _ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბესო ქათამიძემ 59.6% (714 ხმა) მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა _ ნონა ტუნაძემ 40.4% (484 ხმა); ქალაქ ოზურგეთში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ 64.56% (918 ხმა) მიიღო,  დამოუკიდებელმა კანდიდატმა _  გრიგოლ კალანდარიშვილმა 35.44% (504 ხმა). არჩევნების პროცესმა ოზურგეთში მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე, თუმცა, ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა. განსაკუთრებით ხმაურიანი ნასაკირალში მიმდინარე საარჩევნო პროცესი იყო, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ცნობადი სახეები, გუბერნიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თითქმის მთელი შემადგენლობა აკვირდებოდნენ. პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი საარჩევნო უბნებზე პარლამენტის ბალანსზე მყოფი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რაც იურისტების განმარტებით, კანონის დარღვევა და საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. ღვინიაშვილის თქმით, მას კანონი არ დაურღვევია და აგიტაცია არ გაუწევია: _ მერე რა, რომ ჩემი მანქანით ვარ? ეს მანქანა სამსახურებრივად მე მეკუთვნის. დიახ, გადავაადგილდები პარლამენტის ბალანსზე მყოფი ავტომობილით, თუმცა, ამ მანქანით არ ვეწევი აგიტაცია/პროპაგანდას, _ აღნიშნა ღვინიაშვილმა "გურია ნიუსის" კორესპონდენტთან საუბრისას და აღნიშნა, რომ მსგავსი აქცენტის გაკეთება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებზეც შეიძლებოდა, რომლებიც ნასაკირალში სახელწიფოს კუთვნილი მანქანებით იმყოფებოდნენ. "გურია ნიუსის" კორესპონდენტმა აღნიშნული რამდენიმე საარჩევნო უბანთან გადაამოწმა, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო ავტომობილების გამოყენების ფაქტი ვერ დავადასტურეთ. სამაგიეროდ, საარჩევნო უბანთან მყოფი გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე დავაფიქსირეთ, რომელმაც იქ ყოფნა ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულების მიზეზით ახსნა: _ არ შეიძლება, გურიის გუბერნატორს ჰკითხოთ, რას აკეთებს ნასაკირალში. მე აქ ერთი კვირის წინაც ვიყავი, ერთი თვის წინაც და გუშინაც. დავათვალიერე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გახორციელდა ამ დღეებში. ასევე, გავიარე საარჩევნო უბნებში, დავაკვირდი მოვლენებს და მინდა გითხრათ, რომ მშვიდად მიდის ყველაფერი, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან აგიტაციას აქვს ადგილი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გურიის პირველმა პირმა. _ უბნებზე რა სტატუსით იყავით შესული? _ უბნების ახლო-მახლოს ვიყავი. _ რამდენიმე წუთის წინ გვითხარით, რომ  საარჩევნო უბნებში გაიარეთ.. რა სტატუსით, რა უფლებით? _ მე არ მითქვამს მასე (გუბერნატორთან ჩაწერილი ინტერვიუს ჩანაწერი რედაქციაში ინახება. ავტ.). უბნებთან გავიარე. საარჩევნო უბნებში  ვერანაირად ვერ მოვხვდებოდი _  არც სტატუსი მაქვს და არც სურვილი. გავიარე უბნებთან და ვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იქცევა გამომწვევად, მათ შორის, პარლამენტის წევრები, რომლებიც პირადად უთითებენ ამომრჩეველს, თუ ვის მისცენ ხმა.  _ კონკრეტულად? _ მაგალითად, ლევან ბეჟაშვილი.  ეს დაფიქსირებული და გადაღებულია. კარგი იქნება, თუ იქითა მხარითაც დაინტერესდებით. ისე, გურიის გუბერნატორს არ უნდა ჰკითხოთ, რატომ იმყოფება გურიის რომელიღაც სოფელში. არჩევნების დღესაც იქ ვარ და ყოველდღე. გუბერნატორის ბრალდებები კატეგორიულად უარყო ლევან ბეჟაშვილმა: _ ვიმყოფები საარჩევნო უბანზე, როგორც დამკვირვებელი. რა ხდება უბნის გარეთ, არ ვიცი. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს არანაირი აგიტაცია-პროპაგანდა არ გამიწევია. თუ გუბერნატორმა ან ვინმემ დამინახა, რომ კანონს ვარღვევდი, რატომ არ მოვიდნენ ჩემთან და რატომ არ მიმითითეს ამის შესახებ? _ მე ასე გავაკეთებდი, _ აღნიშნა ბეჟაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას. აღსანიშნავია, რომ ლევან ბეჟაშვილი ნასაკირალის მე-16 საარჩევნო უბანს მაშინაც არ მოსცილებია, როცა ხმების დათვლა დაიწყო. უფრო მეტიც, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, საარჩევნო კომისიის წევრებს, დახურული, მაგრამ შეუმინავი კარის მიღმა ხან რჩევებს აძლევდა, ხან კიდევ სიწყნარისკენ მოუწოდებდა. მის ამ საქციელს კომისიის წევრების მხრიდან შენიშვნა არ მოჰყოლია. "გურია ნიუსის" კითხვაზე, რას აკეთებს ის საარჩევნო უბანზე და რატომ აძლევს შენიშვნებს კომისიის წევრებს გარეშე პირი, ბეჟაშვილმა ასე უპასუხა _ "არ ვარ გარეშე პირი", თუმცა, კითხვა _ "შინა­ური პირი" რატომ არის დაკეტილი უბნის გარეთ, უპასუხოდ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონის დარღვევა იყო, მისთვის შენიშვნა არავის მიუცია. დაკეტილ უბანზე, სადაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა, თავისუფლად გადაადგილება პრობლემა არავისთვის იყო, მათ შორის, "თავისუფალი ზონის" დამკვირვებლისთვის, რომლისთვისაც უბნის გარეთ გასვლის და შემდეგ შემოსვლის გამო, არათუ საყვედური, მითითებაც კი არ მიუციათ კომისიის წევრებს. _ მე მგონი, ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობაა" და ჩვენ ვერაფერი გაგვიგია, _ ამ კომენტარით შემოიფარგლა საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი მას შემდეგ, რაც "გურია ნიუსი" შეეცადა, კომისიის თავმჯდომარისგან გაეგო, რატომ არ ახდენდა რეაგირებას კონკრეტულ დარღვევებზე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კომისიის თავმჯდომარეს სხვა "სატკივარი" უფრო მეტად აწუხებდა, ვიდრე კანონის დარღვევა _ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, კომისიის წევრებმა გადასატანი ყუთის გახსნა ვერ მოახერხეს. ამ პროცესში დამკვირვებლებიც კი ჩართეს, თუმცა, საგულდაგულოდ დახურული ყუთის გახსნა მხოლოდ ბრტყელტუჩათი მოხერხდა. საბოლოოდ, მე-16 უბანზე მისული 488 ამომრჩევლის ხმების დათვლა კომისიამ 3 საათში მოახერხა და შედეგი გამოცხადდა _ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ბესო ქათამაძემ მე-16 საარჩევნო უბანზე 277 ხმა მიიღო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ოვაციებით აღნიშნეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნასაკირალში, რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვება, მოგვიანებით, პარტიის რაიონულ ორგანიზაციაში ფეიერვერკით აღნიშნა; ბესო ქათამაძეს გამარჯვება მიხეილ სააკაშვილმაც მიულოცა _ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ოფისში სკაიპით ჩაერთო და ქათამაძის გარდა, არჩევნებში გამარჯვება, პარტიის წევრებსაც მიულოცა. მეორე დღეს, ქათამაძეს სააკაშვილმა ოდესაში უმასპნძლა.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
26.05.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი